თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. პრემიერისა და "აუდიტორია 115"-ის შეხვედრა შალვა საბაურმა დადებითად შეაფასა, თუმცა მისი თქმით, მოთხოვნები, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს არსებული თვითმმართველობის სისტემის გაუქმება, ან შეცვლა, ,,ავტონომიის შინაარსის ვერ გაგებას” ნიშნავს.
,,ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თსუ-ში არ უნდა წყდებოდეს, პირობითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორი თვითმმართველობა იქნება. ეს არის ცალკეული უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, თვითონ რა მოდელი ექნებათ", - განაცხადა საბაურმა.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის უნდა გაიმართოს, როგორც საბაურმა აღნიშნა, ვინც დაინტერესებული იქნება, ისინი მზად არიან გააცნონ არსებული სტრუქტურა. ,,ხარვეზები არის, მაგრამ არა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა მოისპოს", - დასძინა საბაურმა.
„აუდიტორია 115“-ის წევრები და გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. პრემიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. მოთხოვნები არის ძალიან საჭირო. მე ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს”, - აღნიშნა პრემიერმა.