საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მარცხის გარეშე განვლო, თუმცა, ეს მხოლოდ ვერცხლის მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.ტურნირის დასკვნით ტურში ქართველებმა რუმინეთს 2.5:1.5 სძლიეს და 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოუგროვდათ.
ჩვენი გუნდის დარად, 16 ქულა აღმოაჩნდა რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ერთადერთი დაპირისპირება სწორედ ჩვენს გუნდთან დათმო, 8 მატჩი კი მოიგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე გავიდა.ევროპის ჩემპიონატზე ნინო გურიელის კაპიტნობით მოთამაშე საქართველოს ნაკრების ღირსებას ხუთი მოჭადრაკე იცავდა, რომელთა მონაგარიც ასეთი გახლდათ: ნანა ძაგნიძე (4 ქულა 8 პარტიაში), ლელა ჯავახიშვილი (5.5-7), სოფიკო ხუხაშვილი (5-7), ნინო ხურციძე (3-6), ბელა ხოტენაშვილი (6.5-8).