პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური კრიზისის პროცესში ქვეყანა არ არის. მისივე თქმით, პრემიერი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესებს ჩიხში შეიყვანს.
კოჟორიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტის წინა განკარგულება მთავრობასთან შეთანხმებული იყო.
„არანაირი პოლიტიკური კრიზისის პროცესში ქვეყანა არ არის. ყველა თუ ამოვა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მაშინ ყველა პრობლემა დაუყოვნებლივ მოიხსნება. არჩევნები აუცილებლად ჩატარდება 2016 წლის ოქტომბერში. ამ შემთხვევაში არ არის მთავარი, ვის რა შეეშალა. პრეზიდენტის პოზიცია, რომ ეს აქტი თავიდან ბოლომდე იყო შეთანხმებული მთავრობასთან და მთავრობის ინიციატივით ჩაიწერა 8 აგვისტო“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარითად მაისის დასაწყისის გამოცხადებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების კონტრასიგნაციამდე უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო. პრემიერმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივლისი შერჩეულიყო.