ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე ამომრჩეველთა ბიულეტენების ბეჭდვა იწყება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მოამზადა ბიულეტენების ფორმები.
2010 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე სახის ბიულეტენები დაიბეჭდება. განსხვავებული იქნება პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ბიულეტენების ფორმები. მათი ბეჭდვა დღეს დილიდან თბილისის ექვს სტამბაში დაიწყება.
"ეს იქნება პროპორციული წესით არჩევნებისათვის ჩასატარებელი ბიულეტენი, სადაც იქნება გამოსახული ნუმერაცია, არჩევნების დასახელება და პარტიის დასახელება. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩასატარებელ არჩევნებს აქ ოდნავ განსხვავებული ბიულეტენები იქნება. იქნება დასახელება არჩევნების, ნომერი, სახელი-გვარი კანდიდატის და წარმდგენი პარტიის დასახელება. იდენტური ბიულეტენი დაიბეჭდება მერობის კანდიდატებისათვის, რა თქმა უნდა შეიცვლება სათაური და ასევე პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის", _ აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ჯული გიორგაძე.