დღეს, 21 მაისს, "მოძრაობა სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" თეატრალიზებულ მანიფესტაციას გამართავს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
"აქციის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ვიცით, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოა დაგეგმილი, ამიტომ იმედი გვაქვს 21 მაისს რეპეტიციას არ დაამთხვევენ და პროცესების ხელოვნურად პროვოცირებისგან თავს შეიკავებენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც აქციაზე მოვა, აქციის მიმდინარეობის დროს ყოველგვარი იმპროვიზაცია და თვითშემოქმედება გამორიცხოს", - განაცხადა ბესელიამ.
მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან უზენაეს სასამრთლოსკენ მსვლელობას მოწყობენ.
ბესელიას განმარტებით მოძრაობა აქციის შემდეგ ერთკვირიან ტაიმაუტს გამოცხადებს და არჩევნების ჩატარებამდე აქციებს აღარ გამართვას.
21 მაისს პარლამენტის წინ დაგეგმილ უკანონო და პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მოძრაობა "დაიცავი საქართველოც" უერთდება. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
"აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეისმენს, რომ ადამიანი რომელიც არის უდანაშაულო, არ უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით... 5 საათზე შევიკრიბებით პარლამენტის წინ და უზენაესი სასამართლოსკენ იქნება მსვლელობა, სადაც გამოაშკარავდება ყველა ის უღირსი მოსამართლე, რომელიც ხელს აწერს სააკაშვილის პირად დავალებას." - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, მოძრაობა "დაიცავი საქართველო" უერთდება მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, 21 მაისი პატიმართა დაცვის დღედ უნდა გამოცხადდეს.