,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევები აჩვენებს, რომ პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ,,2030”- თან საუბარში განაცხადა.
„მოსახლეობაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაღალია და შესაბამისად, მათ ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, “თავისუფალი დემოკრატების” ზრდის პოტენციალი კი, მზარდია. ჩვენი მთავარი პარტნიორი საზოგადოებაა. ამიტომ, მოსახლეობასთან აქტიურად ვმუშაობთ.”- აღნიშნა მან.
რაც შეეხება NDI-ის კვლევის შედეგებს, დოლიძე მიიჩნებს, რომ მიუხედავად ამ კვლევებთან დაკავშირებით მუდმივარ არსებული კრიტიკისა, დღეს მის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარება.
“კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკა ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი კვლევებში ბუნებრივად აისახა. ასევე ბუნებრივად აისახა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე დადებითი პროცესებიც. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა და სახეზეა საზოგადოების ერთგვარი იმედგაცრუება, რადგან ხალხმა პოლიტიკის მიმართ ნდობა დაკარგა.” - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.