საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევას არჩევნებზე რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევების ირგვლივ ყოველთვის არის კითხვები.
“არ შეიძლება რომ ეს დასკვნები ეყრდნობოდეს ერთ რომელიმე კვლევას, ამ შემთხვევაში NDI-ის კვლევას, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის არის კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა თითოეული კვლევა არის მნიშვნელოვანი იქ შეიძლება ტენდეციები ვნახოთ, პრობლემები დავინახოთ, მაგრამ არის ძალიან ბევრი სხვა კვლევა, შესწავლის და გაზომვის მექანიზმი. სხვადასხვა მექანიზმები გვაჩვენებს სხვადასხვა სურათს, ყოველ შემთხვევაში იქ, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დგას და რაღაც პრობლემების დაძლევა ეტაპობრივად ხდება ეს სახეზეა. არ ვფიქრობ, რომ არჩევნებზე NDI-ის კვლევას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება,“ - განაცხადა თამარ სანიკძემ.
NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. კვლევებში მოსახლეობის მიერ დასახელებულია მთავარი პრობლემების ხუთეული: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები და ტერიტორიული მთლიანობა. კვლევის თანახმად საზოგადოება ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა სხვა ყველა მიმართულებით მათი მდგომარეობა გაუარესებულია.
NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.