უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა ვერავითარი რეფორმა ვერ გაატარა, - ამის შესახებ ჯი-ეიჩ-ენს” უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგომის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა, ვერავითარი რეფორმა ვერ გაატარა და არ გაატარა. სამწუხაროდ, იგი თვითონ გახდა იმავე ბიუროკრატიის ნაწილი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით საყვარელიძემ.
მისი თქმით, ამჟამიდელ რადაში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ინტერესია გადაჯაჭვული და მოვლენების პროგნოზირება ძნელია.
„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის პოსტი ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკვოს, საყვარელიძემ უპასუხა: „უკრაინის რადაში ბევრი ინტერესია გადაჯაჭვული. მეეჭვება, რომ ამ პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ იაცენიუკმა პროგრამაში „10 წუთი პრემიერ-მინისტრთან“ ერთად განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, 12 აპრილს იგი მიმართავს რადას.
იაცენიუკმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ხელოვნულად არის შექმნილი.
„ ერთი ადამიანის შეცვლის სურვილმა დააბრმავა პოლიტიკოსები და რეალური სურვილების ნების პარალიზება მოახდინა“, - განაცხადა იაცენიუკმა.