ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში სადამკვირვებლო მისიების დაშვებას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულად განხორციელებას მხარს უჭერს. სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას ბლოკავენ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მმართველები, რომლებსაც რუსული მხარე აკონტროლებს", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტარები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას.
რეზოლუციაში ცალსახად დაფიქსირებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.
"ევროპარლამენტი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი სცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტში დღეს საქართველო-რუსეთის საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი პირველად არის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებული.