,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულზე.
,, მთავარია დამნაშავეები იყვნენ დაკავებული და შემდეგ უკვე მტკიცებულებების მოპოვებით მათ უმკაცრესად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. რაც მთავარია, პროკურატურის ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ გამოავლინოს დამნაშავეები, ჩემი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარება იყოს არჩევნების შემდეგ, რომ აღარასდროს არავის მოუვიდეს თავში ფარული ჩანაწერების კეთება და საკუთარი მოქალაქეების შანტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.