8 აპრილს 12:00 საათზე (TBD) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ისტორიულ შენობაში საქართველოში პირველი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი მოეწყობა.
პროექტის სპონსორია „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“. ეს ფონდის ყველაზე მასშტაბური პროექტია. პროექტის მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (GIG).
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძის განცხადებით, ”წიგნის მუზეუმი“ საუკუნის პროექტია, სადაც განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძური, რომელიც ათეული წლებია დახურულ ფონდში ინახება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა. ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იშვიათ გამოცემათა ფონდის მესაკუთრეა, რომელიც ამ მუზეუმში გამოიფინება. იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ყველა ის უნიკალური გამოცემა, რომელიც, ზოგადად, ბეჭდური წიგნის და მათ შორის ქართული ნაბეჭდი გამოცემების ისტორიას ქმნის. მუზეუმი დამთვალიერებელს ისეთი გამოცემების ნახვის შესაძლებლობას მისცემს, როგორიცაა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი; მოსკოვში არჩილ მეფის მიერ გამოცემული ”დავითნი”, რომლის ტირაჟიდან სამი-ოთხი ეგზემპლარია შემორჩენილი; ვახტანგ VI სტამბის გამოცემები - 1712 წელს გამოცემული ”ვეფხისტყაოსანი”, 1709 წელს გამოცემული ”სახარება”; ერეკლეს სტამბის წიგნები; იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ წესში გამოცემული პირველი ქართული მინიატიურული წიგნი ”ღვთისმშობლის სავედრებელი”; რუსეთში, ათანასე ამილახვრის სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური ქართული გამოცემები და ა.შ.
წიგნის მუზეუმი არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც იწყება ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული კორპუსის რესტავრაცია. 1916 წელს აგებულ შენობას სარესტავრაციო სამუშაოები პირველად უტარდება. შედეგად კორპუსი დაიბრუნებს ავთენტურ იერსახეს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაიკარგა.
მუზეუმი მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟდება ვენტილაციის უახლესი სისტემა და შეიქმნება უძველესი წიგნებისათვის აუცილებელი კლიმატური პირობები, რომელიც იშვიათი გამოცემების შესანახად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ციფრულ ფორმატზე გადაინაცვლებს მუზეუმში დაცული ყველა უძველესი წიგნი, რომლის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს მუზეუმში განთავსებული სენსორული ეკრანების საშუალებით ექნება.
წიგნის მუზეუმში მუდმივი გამოფენის პარალელურად სისტემატურად მოეწყობა თემატური გამოფენები და წარმოდგენილი იქნება ”ვეფხისტყაოსნის”, ”დედა ენის”, მინიატიურული წიგნებისა და სხვა კოლექციები, ასევე ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების” წევრთა - ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის - პირადი ბიბლიოთეკები. ასევე გამოფენილი იქნება უცხოენოვანი (რუსული, ფრანგული, სომხური, პოლონური, გერმანული, ინგლისური და ა.შ.) იშვიათი წიგნები.
წიგნის მუზეუმის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე უცხოელ სტუმრებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ნაბეჭდი წიგნის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს. ეს იქნება როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ისე ახალი ლოკაცია თბილისის ტურისტულ რუკაზე.
წიგნის მუზეუმი „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მხარდაჭერით მუდმივად გამდიდრდება, წლების მანძილზე დახურულ საცავში დაცული ლიტერატურა მთლიანად გაციფრდება და დისტანციურად ხელმისაწვდომი გახდება.
ეროვნული ბიბლიოთეკა ბიზნესის აქტიური მხარდაჭერით უკვე არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტიც საჯარო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.