ხვალ, 21 მაისს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოს გამართავს.
იმავე დღეს, 16:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ეთერ ჯღამაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვეულები არიან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ეთერ ჯღამაძე აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო, ცნობილი პოეტი, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში, სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.