”ქართული ოცნების” დეპუტატი ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება პოლიტიკაში. საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკაში იყო სპორტული გამარჯვებების დროსაც.
,,სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში მითუმეტეს. მე ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული”, - განაცხადა კურტანიძემ.
რაც შეეხება კოალიციაში არსებულ ვითარებას, დეპუტატის შეფასებით, კოალიციაში გაერთიანება თავის დროზე მოხდა იმიტომ, რომ ,,ის რეჟიმი, რომელიც სრულიად საქართველოს აწუხებდა, უნდა დასრულებულიყო“. მისი თქმით, ,,ახლა მონსტრი არ არსებობს“ და შესაბამისად, ყველა პარტიას აქვს თანაბარი შანსები.
,,დასრულდა ემოციური დაპირპისრებები, რომელსაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიყავდა. საქართველოში მკვიდრდება დრო, რომ პრობლემებზე იყოს ქვეყანაში საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია”, - განაცხადა კურტანიძემ.