ჯერჯერობით ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მზადება გამოიხატება მხოლოდ თავდაცვის მინისტრისა და ევროინტეგრაციის მინისტრის ინდივიდუალურ მოქმედებებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს მთავრობის ერთიანი, გააზრებულად გაწერილი გეგმა, თუ რას აკეთებს საქართველო.
”ეს არის ძალიან საშიში, ვინაიდან ასე დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან და შესაძლოა პირიქით, დაგვაშოროს კიდეც. ამიტომ, აუცილებელია უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ დადოს ერთიანი, კარგად გააზრებული გეგმა, რას ველით ვარშავის სამიტისგან, როგორ ვუახლოვდებით ამ სამიტს, რომელი უწყება რით არის დაკავებული ამ პროცესში და რაც ყველაზე სასწრაფოა, რას ვთხოვთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ჩვენ თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მე ვშიშობ, რომ ვარშავის სამიტიდან რეალურად საქართველო ვერაფერს მიიღებს”, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს ერთიანი გეგმა და ყველაფერი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ორი მინისტრის ინდივიდუალურ მოქმედებებზე.