საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არ ღირს აჟიოტაჟის შექმნა „რესპუბლიკელების“ კოალიციიდან სავარაუდო გასვლასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„აქსიომაა, რომ კოალიციაში მუშაობას აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. ვფიქრობ, რესპუბლიკელები თავად გააკეთებენ განცხადებას. ამისგან მე არ შევქმნიდი აჟიოტაჟს. მკაფიო პასუხისთვის არ მგონია, ვინმე მზად იყოს. „ქართული ოცნების“ ყრილობამდე მინისტრების თანამდებობებზე, დეპუტატებსა და, ზოგადად მომავალზე, საუბარი ნაადრევია.“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,რესპუბლიკელები“ კოალიციაში დარჩენასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ ,,რესპუბლიკელები“ მიმდინარე კვირას თანამდებობებსაც დატოვებენ.