საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნას, მის დაკითხვასთან დაკავშირებითის და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის პირები, რომლებიც არიან ასახული ფარულ ჩანაწერებში აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
"მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არამარტო ამ ვიდეო მასალაში არამედ ზოგადად ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი, ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას, ასე ხდება მთელს მსოფლიოში. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, იმიტომ, რომ ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დეპუტატების დაკითხვას მოითხოვს. საქმე ეხება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებს.