პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, EPP-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. ჯოზეფ დაულიმ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა,რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში მისი პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას. მისი თქმით, EPP-ს მხარდაჭერა დამოკიდებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, მთელი ქართული საზოგადოება გააოცა ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებამ.
,,დღემდე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც იქნება სავიზის რეჟიმის გაუქმება. ისმის კანონზომიერი კითხვა: ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს სახალხო პარტიის წარმომადგენლებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იქცეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბატალიების არენად, არამედ იყოს ინსტრუმენტი კონსოლიდაციის, საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რომლის გამოძახილიც იქნება ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.
სწორედ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მისი ურყევობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე. ჩვენ კი კვლავაც ვადასტურებთ მზაობას მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო პარტიიდან, რომლებთანაც მზად ვართ კონსტუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებში.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის ევროპის სახალხო პარტიის თავმდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესახებ. ამდენად, ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.
სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დიდხანს და ეფექტურად მუშაობდა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს მთელს ქართველი ხალხს ეკუთვნის და მის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვათა მხრიდან მინიშნებების გარეშეც ერთგულია დემოკრატიის ყველაზე მაღალი მოთხოვნებისადმი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
,,რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში EPP-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და მიეცეთ შესაძლებლობა იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა იყო, რომელმაც დაიწყო და წინ წასწია მთელი სამუშაო ვიზალიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს ნამდვილ და დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".