,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამხმოვანებელია. ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიერ, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
,,სამი წლის განმავლობაში, ყველამ დაინახა, რომ ბატონი მეჭიაური არის ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ხმა პარლამენტში და მის მიერ გამოხატული პოზიციები არის სწორედ ივანიშვილის პოზიციები. ის, რაზეც მან ისაუბრა, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს სწორედ ასეთი ბინძური მეთოდებით - პირად ცხოვრებაში ჩარევით. ეს არის მისი სტილი, მისი მიდგომა, რომელშიც ჩამოუყალიბდა ჯერ კიდევ რუსეთში - ასე ებრძოდა კონკურენტებს მაშინ რუსეთში და ამავე მეთოდის გამოყენებას ცდილობს საქართველოშიც. მე მგონი, კითხვები აღარავის ებადება იმასთან დაკავშირებით, ვინ გამოაქვეყნა ეს კადრები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ფართოდ გავრცელდა. ეს არის ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, ამით ზემოქმედება მოახდინოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამაზე საუბრობს სწორედ მეჭიაური», - განაცხადა მინაშვილმა.
ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებულ სკანდალს თამაზ მეჭიაური გუშინ გამოეხმაურა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავის დროზე არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში, რომელიც კადრების განადგურებას გულისხმობდა, რადგან ეს კადრები ყოფილ ხელისუფლებას რამდენიმე ეგზემპლიარად ექნებოდა გამრავლებული.