ბუნებისა და გაერემოს დაცვის მინისტრი ასწლოვანი ხის გადაადგილების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ თავადაც ისეთი დამკვირვებელია, როგორც სხვა ადამიანები. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ მისი უწყებისა და ქვეუწყებების კომპეტენციაში აღნიშნული საკითხი არ შედის.
,,ეს საკითხი არც დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციებს. ჩვენი სამინისტრო, გნებავთ დაცული ტეროიტორიების სააგენტო, გნებავთ ეროვნული სატყეო სააგენტო, აქ, ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი ქვეუწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორიც თქვენ'', - აღნიშნა მინისტრმა.
ციხისძირიდან წამოღებული 650 ტონიანი ხის გადატანა შეკვეთილის სანაპიროზე, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბარჟა, რომელზეც ასწლოვანი ხე არის მოთავსებული ზღვის სიღრმის სიმცირის გამო ნაპირთან მისვლას ვერ ახერხებს, რის გამოც მიმდინარეობს სანაპიროდან ქვიშის ამოტუმბვა.
ასწლოვანი ,,ტიტა“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროპარკში გადააქვთ.