საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს. ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურის განცხადების შეფასება დეპუტატს არ სურს. მისი თქმით, ყველას საკუთარი პოზიცია აქვს.
,,არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს, ეს არის მარცხი. პირიქით, გაცილებით ძლიერი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი შანტაჟის მიმართ, თუ ვინმეს აქვს მცდელობა, ამ ფორმით მოახდინოს პროცესებზე გავლენას, რა თქმა უნდა, არავინ ამას არ უნდა დანებდეს. თავის პოზიციას ყველა თვითონ გამოხატავს, მე ახლა გამოვხატავ ჩემს საკუთარ პოზიციას, რატომ მთხოვთ, რომ ვიღაცების [თამაზ მეჭიაურის] პოზიცია შევაფასო?'', - განაცხადა კორძაიამ.
ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებულ სკანდალს თამაზ მეჭიაური გუშინ გამოეხმაურა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავის დროზე არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში, რომელიც კადრების განადგურებას გულისხმობდა, რადგან ეს კადრები ყოფილ ხელისუფლებას რამდენიმე ეგზემპლიარად ექნებოდა გამრავლებული.