2016 წლის 26 მარტს, 12 საათზე, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ტარდება შემოქმედებითი ღონისძიება „ხელოვნება და ტექნოლოგია - იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები. მერიის ინფორმაციით, მათი მიზანია კიდევ ერთხელ დაანახონ საზოგადოებას, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია თავის შესაძლებლობებში, რომ საზოგადოების მხრიდან უბრალოდ საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა. ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ მათ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები იცეკვებენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი ნახატები და ხელთნაკეთი ნამუშევრები.
ღონისძიების ორგანიზატორები გამოთქვამენ იმედს, რომ კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობით უკვე იქცა ტრადიციად და ამაში წელსაც ორგანიზაციას ეხმარება ქალაქ თბილისის მერია, ქ. თბილისის საკრებულო, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა და ავერსი ფარმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ პარტნიორ ორგანიზაცია „Friends of the United Nations“ USA-თან ერთად 2011-წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თუმცა ორგანიზაციის დამფუძნებლები, საბჭოს წევრები და წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ შშმ პირთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებზე.
ორგანიზაციის პრეზიდენტი გახლავთ გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წლიდან პოსტვაქცინალური გართულების გამო დაავადდა ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 26 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, შეძლო ძალიან ბევრი, გადალახა ბევრი წინააღმდეგობა და დღესდღეობით თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
2012-2013 წლებში ორგანიზაცია იყო აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ჩატარებული ადამიანთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
2013 წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით „ქორთიართ მერიოტში“ ჩატარდა პირველი ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „ხელოვნება და ტექნოლოგია-იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების თაობაზე საზოგადოების ყველა ფენის ინფორმირებულობის გაზრდას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათი გადაჭრის გზების ძიებას, პირველ რიგში კი გადაადგილების სრულფასოვანი შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად და კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიიდან ჩამოვიდა ნორიკო ინამორის ფონდის წარმომადგენლობითი დელეგაცია 21 ადამიანის შემადგენლობით (საკუთარი ხარჯებით), რომლებმაც შშმ პირთათვის გადასაცემად ჩამოიტანეს ეტლები.