ბანკების მიერ გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის ვალების ჩამოწერის თაობაზე "თავისუფალიმა დემოკრატებმა" ,,საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების ინიციატივა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. აღნიშნულ ინიციატივაზე განმარტება დღეს პარტიის წევრმა, კანონპროექტის ავტორმა, დავით ონოფრიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის ვალების ჩამოწერა შესაძლებელი გახდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესების მეშვეობით.
,,ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება (მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული თანხა ფიზიკური პირისთვის შემოსავალს წარმოადგენს, რაც გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება). არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ", - განმარტა ონოფრიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მოსახლეობას სესხების გასტუმრებაში პრობლემები 2008 წლის ომმა, ფინანსურმა კრიზისმა შეუქმნა და არც შემდგომი წლები იყო ამ თვალსაზრისით მარტივი.