იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი ქორწინებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის განსახორციელებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. მისივე განმარტებით, საქართველოს არ აქვს არანაირი ვალდებულება დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
,,ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.