,,მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირებაზე ტელეკომპანიის წილის მფლობელის მაკა ასათიანის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ გააცნო. მისი თქმით, ასათიანი არ აპირებს უკანონოდ დანიშნული ლევან გაჩეჩილაძისთვის შენობის დათმობას.
,,შენობა სადაც "მაესტრო" ფუნქციონირებს არის შპს "ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად, მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე. ჩვენი თვალსაზრისით, რომელიც არის სავსებით დასაბუთებული, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. სანამ ეს რეგისტრაცია არ შეიცველება, მანამ ის არის შპს სტუდიას "მაესტროს" დირექტორი, თუმცა ძალიან გვაინტერესებს სად მიდის, საიდან უნდა უხელმძღვანელოს ტელეკომპანიას და დაასახელოს მისამართი. გვაინტერესებს რა მისამართზე აპირებს განთავსებას და საიდან უნდა უხელმძღვანელოს კომპანიას, რადგან ეს შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრება და მისი კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებდა "მაესტრო" ამ შენობაში. მაკა ასათიანის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის მისი საკუთრების დათმობას", - აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ლევან ასათიანს აინტერესებს როგორ აპირებს გაჩეჩილაძე დაფაროს 54 მილიონამდე დავალიანება, ასევე, რა საშუალებით აპირებს ტელეკომპანიის მართვას.
,,ჩვენ, როგორც 25%-იანი წილის მფლობელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაჩქარევი, არასწორი და რეიდერული გამოხტომა ადრე თუ გვიან სამართლებრივად შევაჩეროთ. კერძო საკუთრებაში შეჭრას არავინ დაუშვებს, თუ მობრძანდებიან ცივილიზიებული ფორმით, მეურვესთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს", - განმარტა ადვოკატმა.