,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ბოლომდე ჩამოშლილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძის დანიშვნაზე საუბრისას, ენმ-ის წევრმა ლევან თარზნიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდა პრობლემური ყველა მოქალაქისათვის.
,,ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, სამწუხაროდ, იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ბოლომდე ჩამოშლილია და თუ აქამდე კითხვები იყო მხოლოდ მის დამოუკიდებლობაზე, ახლა ისმის კითხვები მის პოლიტიზირებაზე და გაჩნდა კორუფციის ნიშნებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდა პრობლემური ყველა ჩვენგანისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის”, - განაცხადა თარხნიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა. მჭედლიშვილმა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა დაასახელა.
სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანოზაციები. ისინი ითხოვდნენ, დროებით შეწყდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი, რადგან მათ ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ამას გარდა, დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ახვლედიანი ითხოვდა, სასამართლოს გამოეცა დროებითი განჩინება, რითაც დაევალებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეეკავებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნისგან.