პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევს, რომ არჩევნებში პარტიები ცალ-ცალკე გამოვიდნენ. მისივე თქმით, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთ რჩევას მისცემდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს, რადგან ეს გუნდი მისი ჩამოყალიბებულია.
,,არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ძირითადად, კოალიციურად ის სუბიექტები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ბარიერის გადალახვის პრობლემას არაფერი არ უქმნის და მისთვის აუცილებელი ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა, რატომ უნდა იყოს? ზოგიერთი უკვე შეიძლება კარგად არის, მაგრამ რეანიმაცია მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, - აცხადებს მეჭიაური.
პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა. ,,რესპუბლიკელების“ ინიციატივით, დღეს პრემიერთან შეხვედრა გაიმართება.