დღეს, 19 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტი "ძველი თბილისი და ფიროსმანი" გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ იმართება. მის ფარგლებშიც სპეციალური ექსპოზიცია მოეწყობა, სადაც თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული ფიროსმანის დროინდელი ძველი თბილისის ამსახველი ფერწერული ტილოები, ფოტო- და დოკუმენტური მასალა იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ძველი თბილისის უბნების, დუქნებისა და იმ გარემოს დეკორაცია მოეწყობა, სადაც ცხოვრება და მოღვაწეობა ფიროსმანს.
პროგრამა განკუთვნილია საჯარო სკოლებისა და სამხატვრო სკოლა-სტუდიების მოსწავლეთათვის, საზოგადოებრივი ინიციატივით შექმნილი ჯგუფებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდთა ჯგუფებისათვის.
პროექტის მიზანია მოსწავლეებისათვის მუზეუმისთვის ხელმისაწვდომი ფორმებითა და მეთოდებით ფიროსმანის ცხოვრების დეტალების გაცნობა. გაკვეთილები ჩატარდება სწავლების ინტერაქტიული წესის გამოყენებით. თემატური გაკვეთილის მეორე ნაწილში ბავშვები პედაგოგის მითითებით და რეკომენდაციებით შეასრულებენ ფიროსმანის ცნობილი სურათების ჩანახატებს.
მასალის გამოყენების პირობები