,,პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურის დისკრედიტაციას ნაციონალური მოძრაობა შავი პიარით ცდილობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ენმ-ის მიერ ანა დოლიძისადმი გამოთქმული ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულ ფორმაში. კვლავ აგრძელებს შავი პიარის კეთებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ვერ ფორმირდა ევროპული სტილის პარტიად, როდესაც გარკვეულ საკითხებს უნდა შეხედო არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის მიმართ პროფესიულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში, პრინციპულობასთან და განათლებასთან მიმართებაში, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქალბატონი ანას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა რეალურად არის ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს“, - აცხადებს აბაშიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებული ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.