საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ქვეყანაში ეკონომიკურ და კრიმინოგენულ ვითრებას აფასებს და აცხადებს, რომ სუსტი ხელისუფლება ყველაზე საშიში ხელისუფლებაა.
,,რაც ტყიბულში ხდება, ეს არის ხელისუფლების ჩამოშლის პროცესის დასაწყისი. ჯერ ორმოებით დაიწყო, მერე ბანკების ძარცვით, მერე ლამის ყოველდღიური მკვლელობებით, ხვალ მანქანის მოპარული ნაწილების მასობრივი გაყიდვები აღდგება ბაზრობებზე. ბოლოს გამგებლების და საკრებულოების კარების აჭედვით მთავრდება ტრადიციულად. გავიარეთ ეს ერთხელ უკვე.
როცა ქვეყანაში კერძო საკუთრება დაუცველია, დაუცველი გახდება თითოეული ჩვენგანის ოჯახი.
ყველა ცდილობს მსგავს კრიზისულ ვითარებაში პოლიტიკური დივიდენდის გამოდნობას, მოვლენების სათავისოდ გამოყენებას. ეს მათი საქმეა. ამას ვერავინ დაუშლის. საბოლოოდ ამომრჩეველი შეაფასებს, თუ რამდენად პასუხისმგებლურად იქცეოდა ესა თუ ის მხარე. ხელისუფლება კი ვალდებულია აღკვეთოს უკანონობა და არ გახადოს იგი მისაბაძი სხვებისათვის.
სუსტი ხელისუფლება ყველაზე საშიში ხელისუფლებაა”, - აცხადებს რომან გოცირიძე.