ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია ენმ-ის მიერ ანა დოლიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატი პოლიტიკური სიმპათიებისგან დაცლილია.
,,ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა არავითარი საფუძველი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანას რაიმე ფორმის სიმპათიები გააჩნია, არ არსებობს. ეს უბრალოდ აბსურდია. ანა დოლიძე არ არის არცერთი პარტიის წევრი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სიმპათიებისგან ნამდვილად დაცლილია. პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს, ამაზე პასუხს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ პარლამენტში 150 წევრია'', - განაცხადა კორძაიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებული ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას. კვლევა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. ამ ორგანიზაციის სახელია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა“ Russian Justice Initiative.