სან პაულოში (ბრაზილია), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სამი ქართველი ჩაება. ორი მათგანი ერთეულთა შეჯიბრებას გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძემ არგენტინელ ვიქტორია ბოსიოს აჯობა - 6:1, 6:4, გუშინ კი უკრაინელ სოფია კოვალეცთან დამარცხდა - 3:6, 1:6.
სოფიო ქვაცაბაია ძირითად ბადეში ითამაშებს, რადგან მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მეტოქეს სძლია: რუმინელ დაიანა ნეგრეანუს პირველ ხელში 6:1 აჯობა, მეორეში 2:1 რომ დაწინაურდა, კარპატელმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. მომდევნო წრეში სოფიომ ჩილელი ფერნანდა ბრიტო ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2.
წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე შაფათავას და გორგოძის დუეტმა საწყისი წრე დამაჯერებლად დასძლია. ქართველმა გოგონებმა თურქებს აილა აკსუს და მელის სეზერს 7:5, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში არგენტინელ კატალინა პელას და ჩილელ დანიელა სეგუელს ეთამაშებიან.