საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებმა“ და „მრეწველებმა“ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებლად უნდა იყარონ. ამის შესახებ მან მმართველი კოალიციის ორ პარტიას შორის დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ პარტიებს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრის სურვილი აერთიანებთ.
„ერთი გამოსავალია - კენჭი ყველამ დამოუკიდებლად იყაროს. ვისაც ერთმანეთის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არ შეუძლია, მერე ერთად დაწყვილდნენ და ის მანდატები მშვიდობაში მოახმაროთ, რომელსაც მოსახლეობა მისცემთ. ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ - პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე, მერე თავს შეუთავსებლობა იჩენს, რაც აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც“, - დასძინა მეჭიაურმა.
„რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“ ერთმანეთს გუშინდელ პლენარულ სხდომაზეც დაუპირისპირდნენ. დავით ბერძენიშვილმა გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ კამპანიაში“ დაადანაშაულა.
„მინდა, გამოვეხმაურო გოგი თოფაძეის მორიგ შეტევას თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. ორკესტრირებული კამპანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, სამიზნედ შერჩეული ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროატლანტიკურ ასპარეზზე - ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირის წინააღმდეგ, გოგი თოფაძის, პარლამენტში თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით, არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.