ტელეკომპანია „იბერიას“დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი იყო გენერალური პროკურორი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დასაწყისში, ბოლოს კი იყო ზურაბ ადეიშვილი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას
„იბერიის“ საქმის გამოძიებისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობა სამართლიანობის აღდგენის კუთხით დანაპირებს ასრულებს.
ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი ოქუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყების პრეროგატივაში ვერ ჩაერევა.
,,პროკურატურამ ალბათ, ძალიან რთული საქმე გამოიძია - 12 წელი გავიდა. დეტალები, რაღაც შეიძლება მეც არ მახსოვდეს, ოქრუაშვილმა დაიწყო შემოსვლა, გეთანხმებით ის შემოვიდა. ამ პროცესში ერთი წელი ვიყავით თითქმის, ერთი წელი ჩვენთან ჯარი იდგა. ოქრუაშვილი იყო ამ პროცესის დასაწყისში, ბოლოს გენპროკურორი იყო ადეიშვილი. ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვთქვა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ვერ ჩავერევი პროკურატურის პრეროგატივაში. შემოსვლა იყო ოქრუაშვილის დროს, ხოლო პროცესის დამთავრებისას იყო ადეიშვილი“,- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
პროკურატურამ დღეს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტის გახსნის შესახებ განაცხადა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.