,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა არაკონსტიტუციურია. მისი თქმით, ყველაფერი დახაზულია ისე, რომ არჩევნებში გამარჯვება გაუადვილდეს მმართველ პარტიას.
,,საარჩევნო სისტემაში მთელი კასკადია პრობლემების. თავისივე საარჩევნო დაპირებას არ ასრულებენ და, როგორც ყველაფერ დანარჩენშიც, "გადამგდებები" არიან საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოების. ამასთან ერთად, ახალი საარჩევნო დაყოფა პირდაპირ არის დაყრდნობილი წინა არჩევნების შედეგებზე, სადაც ოპოზიციას ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ის ადგილები არის გამქრალი და ეს ყველაფერი დახაზულია ისე, რომ არჩევნებში გამარჯვება გაუადვილდეს მმართველ პარტიას. ისინი ამ გამარჯვებას მაინც ვერ მოახერხებენ, მაინც ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან, მაგრამ ეს სისტემა არის ანტიკონსტიტუციური იმიტომ, რომ არ ეყრდნობა სამართლიან კრიტერიუმებს და ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას, რადგან ანტიკონსტიტუციური სისტემით შეიძლება, ჩატარდეს არჩევნები ან საერთოდ ვერ ჩატარდეს'', - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ვენეციის კომისიის დასკვნა, საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მოსაზრების მიუხედავად დასკვნა უფრო ადრე ვერ გამოქვეყნდება.
მისი განმარტებით, სესიის თარიღი დადგენილია - ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მარტში დასკვნის გამოქვეყნება აზრს კარგავს, რადგან შემდგომ არჩევნებამდე კოდექსში ცვლილებები ვერ მოესწრება.