ვენეციის კომისიის ექსპერტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში შეხვდნენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რომ მმართველ გუნდს აქვთ სრული კონსესუსი ბიძინა ივანიშვილთან და არანაირად ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან.
,,როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ეს არის ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადასაწყვეტი – ასეთი იყო ვენეციის კომისიის მოსაზრება. მთავარია, რომ პროცესი მიდიოდეს ღიად, გამჭვირვალედ, მაქსიმალური კონსესუსის პირობებში მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და შეძლებისდაგვარად გათანაბრდეს საარჩევნო ოლქები", - განაცხადა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს არანაირი საერთო არ ჰქონდა უკვე მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან, ვინაიდან, გოგორიშვილის მტკიცებით, წინა საღამოს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ყოფილმა პრემიერმა მისცა მათ ჩამოწერილი ოლქები, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გადანაწილებული.
"მათ აქვთ სრული კონსესუსი ბიძინა ივანიშვილთან და არანაირად ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და ვენეციის კომისიამ ეს ძალიან კარგად იცის, თუნდაც იმ ერთი მაგალითიდან გამომდინარე, რომ უკვე მიღებული კანონი გაუგზავნეს რეკომენდაციებისთვის და არა კანონპროექტი”, - დასძინა ხათუნა გოგორიშვილმა.
თბილისში ვიზიტით მყოფი ექსპერტები ამ წუთებში "თავისუფალ დემოკრატებს" ხვდებიან.