გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამინისტრომ შეისწავლა სამი ხის გადარგვის პროექტი და აჭარის მთავრობის ბრძანებით, ხეები შპს „ზიმოს" გადაეცა საკუთრებაში. პარლამენტის შესაბამის კომიტეტში საკითხის განხილვისას მან ,,მთელი პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ საკითხი უნიკალურ ხეებს არ ეხება.
„ეს არ არის წითელი წიგნის ხეები, არ არის ენდემური. ასეთი ხეები ირგვლივ ბევრია. მცდარია იმის მტკიცება, რომ მათი გადარგვა ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს. მცდარია განცხადებაც, რომ ამ ხეების გადარგვამ წყლის ბალანსის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. აჭარის მთავრობას ლეგიტიმაცია აქვს, განკარგოს ეს ქონება“, - აღნიშნა მურღულიამ.
იგი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნულ საკითხთან ყოფილ პრემიერს აქვს შეხება, ხეების გახარების შანსი უფრო მაღალია.
,,მე არ მაქვს არანაირი ფორმალური საფუძველი, ვივარაუდო, რომ ეს საკითხი ეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, თუ რაიმე ფორმით მაინც აღმოჩნდება, რომ ბატონ ბიძინასთან აქვს ამას რაიმე კავშირი, ვფიქრობ, რომ ამ ხეების მოვლისა და შემდგომი გახარების შანსი უფრო მაღალი იქნება”,-
„პარტიზანი მებაღეები" და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში ხეების გადარგვას აპროტესტებენ, რა დროსაც ისინი გუშინ პოლიციამ დააკავა.
მათი ინფორმაციით, ხეები ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მათი გურიაში გადარგვა სურს.