,,არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი», - ამის სესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერაა გამოხატული.
,,აშშ-მა რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგანდისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგარიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი. ჩვენი ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივცრის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს», - განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები.
,,რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.