ხვალ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 მაისს, 13:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შეხვედრა გაიმართება, სადაც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე დამსწრე საზოგადოებას ეროვნული მუზეუმის მიღწევებისა და ახალი გეგმების პრეზენტაციას წარმოუდგენენ.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა.
შეგახსენებთ, რომ 30 წელზე მეტია მსოფლიო 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.