კომიტეტებში მუშაობის უფლება, სურვილის შემთხვევაში, მიეცემა პარლამენტის ხელმძღვანელობას, პარლამენტის თავმჯდომარისა და პირველი ვიცე-სპიკერის გარდა. ეს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის ინიციატივასთან დაკავშირებით მიიღო.
ვეფხვაძე ითხოვს რეგლამენტში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, ვიცე-სპიკერებსა და უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს მიეცემათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, გაწევრიანდნენ რომელიმე კომიტეტში ფრაქციისთვის გამოყოფილი კვოტის ფარგლებში.
ვეფხვაძის მოსაზრებას დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტიც დაეთანხმა, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში შეიტანა მცირეოდენი ცვლილება: ეს ნორმა არ შეეხება პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პირველ ვიცე-სპიკერს, ვინაიდან მათ თანამდებობრივად დატვირთული მოვალეობები აქვთ. ვეფხვაძის ინიციატივაში კი ეს ნორმა პირველ ვიცე-სპიკერს ეხებოდა. აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენით სასესიო განხილვას პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას დაიწყებს.