შეღავათაინი რეჟიმი სავარაუდოდ, 9 წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებასაც შეეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, რათა განბაჟების შემცირების ხარჯზე, ავტომობილების შეძენის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
"9 წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, რათა მათ, ვინც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობდა, განბაჟების შემცირების ხარჯზე, მარცხენასაჭიანი მანქანები უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეთ. იქნება ზღვრული მაჩვენებელი რაციონალური წლოვანებიდან გამომდინარე, როცა ავტომობილის განბაჟება უფრო იაფი იქნება", - განმარტა შალვა ხუციშვილმა.
ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც პარლამენტის კომიტეტში დღეს განიხილეს, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს.