საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიცტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილსა და “სოკარის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს.
"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად”, - განაცხადა კალაძემ
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.
„ჩვენ მომავალიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს.
„ სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.