20 მაისს, 16:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე კვლევების ჩასატარებლად.
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და მის ლიდერებს, მოქალაქეთა მობილიზებაში საერთო პრობლემების გამოკვეთისა და გადაჭრის; შეჭირვებული ფენების ინტერესების დაცვის; მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და სახელმწიფო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების, მიზნით. ბოლო წლებში პროგრამა შემდეგი მიმართულებით მუშაობდა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება, რეგიონული და ევროპული ინტეგრაცია, სამოქალაქო განათლება და სამოქალაქო ინტეგრაცია.
კვლევის განვითარების ხელშეწყობა 2010 წლის ერთ-ერთი ძირითად პრიორიტეტად იქნა მიჩნეული. სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკის ფორმირების პროცესში აქტიურად ჩართვისათვის აუცილილებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემური საკითხების კვლევა დაეხმარება ფონდს პროგრამული მიდგომების ჩამოყალიბებასა და დახვეწაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებულია საფუძვლიანი კვლევები, საჭიროა ახალი ტენდენციებისა და განვითარების დინამიკის შესწავლა და გაანალიზება. ქვეყანაში ცვალებადმა სოციალურმა გარემომ წარმოშვა ახალგაზრდობასთან, მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული ახალი საკითხები, რომლებიც საზოგადოების ყურადღებისა და მსჯელობისა საგანი უნდა გახდეს.
კონკურსის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასთან, ახალგაზრდობასთან, მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური კვლევისა და ანალიზის მხარდაჭერა, რათა გამოიკვეთოს პრობლემური საკითხები, რომლებიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებენ და ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი ხედვა.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებით მრავალი თემა საჭიროებს სრულყოფილ კვლევას, რომელთა დაფარვაც ერთი კონკურსის ფარგლებში შეუძლებელია. ფონდი მხარს დაუჭერს კვლევების ჩატარებას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ შემდეგ თემებზე:
1. არასამთავრობო ორგანიზაციები - მათი როლი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაში; არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა ფართო საზოგადოებასთან; რესურსები და მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა; თანამშრომლობა და კოალიციების ჩამოყალიბება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად; სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანიები; თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორებთან; საჯარო პოლიტიკაში ჩართულობა და გავლენა პოლიტიკის ფორმირებაზე; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა; არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების საჭიროებათა კვლევა.
2. მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფები - მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესწავლა; მათი უფლებების დამცველი კანონმდებლობის მიმოხილვა, განხორციელების სტრატეგია და პრაქტიკა; ამ ჯგუფების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა და ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი; ფართო საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია; ამ ჯგუფების დასახმარებლად არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამების მიმოხილვა.
3. ახალგაზრდობა - ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში; იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების გააქტიურებას და ჩართულობას; ახალგაზრდული პოლიტიკის, საკანონმდებლო ბაზის და განხორციელების სტრატეგიის შესწავლა; ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმოხილვა, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების, მათი ინსიტუტუციური შესაძლებლობების შეფასება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, კვლევით ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე კვლევის ჩატარების გამოცდილება. კონკურსში მონაწილეობის მიღება დაშვებულია აკადემიური ინსტიტუტებისათვის, იმ პირობით, რომ მათი პროექტი უშუალოდ შეეხება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" დააფინანსებს მაქსიმუმ ოთხ პროექტს:
1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - ერთი პროექტი,
2. მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფები - ორი პროექტი,
3. ახალგაზრდობა - ერთი პროექტი.
კვლევის სამუშაო ვერსია ფონდს განსახილველად უნდა წარედგინოს 2010 წლის ივლისის ბოლომდე. კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა კვლევის საბოლოო ანგარიში უნდა მოამზადონ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე არაუგვიანეს 2010 წლის 15 აგვისტოსი.
კვლევის პროცესში აპლიკანტებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ფონდის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები.
დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციები გაიმართება 20 მაისს, 16:00 საათზე, ფონდის ოფისში (ჭოველიძის 10).