"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
როგორც დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წარმომადგენელმა, მამუკა კაკალაძემ განაცხადა, ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებულმა ე. წ. "მოსახლეობის კარტოფილის თესლით უზრუნველყოფის პროგრამამ" ხულოს რაიონში არ გაამართლა.
მისივე თქმით, მოსახლეობას ერთ კილოგრამი კარტოფილის თესლი 1,2 ლარად ზეწოლით შეაძენინეს, თუმცა კარტოფილის თესლის დაბალი ხარისხის გამო მოსახლეობამ მოსავალი ვერ მიიღო.
"ცხადია კარტოფილის თესლს საკუთარი ნებით არავინ იყიდიდა. ამიტომ, მისი შეძენა, ძირითადად, ადგილობრივ პედაგოგებს დააძალეს. მათAკი ამ "ჯიშიანი თესლისგან" იმის ნახევარი მოსავალიც ვერ მიიღეს, რასაც ადგილობრივი ჯიშებით იღებენ. ვითხოვთ გაირკვეს ამ თესლის წარმომავლობა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 300 ათასი ლარის ხარჯვის მიზანშეწონილობა", _ განაცხადა მამუკა კაკალაძემ.