კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. კომპანია „კამარა ექსპრესსმა“ 2 წლის ვადაში საკვები პროდუქტების ქარხანა უნდა ააშენოს. 2,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, კომპანის პირდაპირი მიყიდვის წესით, "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
კომპანია ქარხანაში მინიმუმ 85 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. „კამარა ექსპრესში“ ვარაუდობენ, რომ წელიწადში 10 ტონა კაკლის წარმოება და გადამუშავება მოხდება. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძენს. პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საექსპორტო ქვეყნების სიაში ევროპის ქვეყნები - იტალია, გერმანია და ავსტრია მოიაზრება.