ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე საქართველოში პენსიის დაგროვებით სისტემაზე გადასვლას არასაიმედოდ მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი რამდენიმე არგუმენტსაც ასახელებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსხვილი კომპანიების პოზიცია მიუკერძოებელი ვერ იქნება. მთავარი პრობლემად კი რომან გოცირიძე მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი ფულის გარანტირებული ზრდის არარსებობას მიიჩნევს.
,,ვუსმენ კერძო საპენსიო სქემის შემოღების შესახებ დისკუსიას, რომელსაც მხარდამჭერად ზოგიერთი მსხვილი კომპანია (ბანკი) გამოუჩნდა.
ეს მათი კერძო ინტერესია და მათ პოზიციას ვერ ჩავთვლით მიუკერძოებლად, რადგან:
-უნდა შეიქმნას კერძო საპენსიო ფონდები, სადაც სავალდებულო წესით უნდა შევიტანოთ ფული. დღეს უკვე არსებობენ ასეთი ფონდები, ძირითადად ბანკებთან, 10-15 წლის მუშაობის გამოცდილებით. ისინი სხვებზე წინ იქნებიან და მეტ ”პენსიონერს” მოიზიდავენ. ამიტომ მოგვევლინენ ამ იდეის აპოლოგეტებად და იქმნება ილუზია მთავრობისა და ბიზნესის ერთობისა ამ სქემის შექმნის საქმეში.
-ბანკებისთვის საპენსიო ფონდის რესურსები არის დამატებითი დეპოზიტების წყარო და შესაბამისად ისინი ვერ იქნებიან სქემის ობიექტური შემფასებლები
-ასევე მხარს უჭერენ ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც იაფი ფინანსური რესურის მოზიდვის იმედი აქვთ ფონდისთვის ობლიგაციის ან აქციების შეთავაზების გზით. დღეს ასეთ ობლიგაციას ან აქციას არავინ ყიდულობს. მუქთა ფულით შექმნილმა ფონდებმა მართლაც შეიძლება იქ ფული განათავსონ, რადგან ბევრი არჩევანი ქვეყანაში არ არსებობს.
-მთავარი პრობლემა არის ფონდში შეტანილი ჩვენი ფულის გარანტირებულ ზრდის არარსებობა. საფონდო ბაზრისა და მომგებიანი აქტივების დეფიციტის გამო ამ ფულს ინფლაცია და დევალვაცია მოუღებს ბოლოს.
-და ბოლოს, წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: რომ შექმნილიყო ასეთი სქემა 1995 წელს, რა მოუვიდოდა ჩვენს შენატანებს დღეისათვის, ოცი წლის შემდეგ, როცა მოხდა ლარის ორი დიდი დევალვაცია(1998წ, 2015წ), როცა წლიური ინფლაცია ზოგჯერ ორნიშნაც კი იყო და როცა არავითარი შანსი არ იყო თეორიულად თუნდაც საუკეთესო კომპანიებში განთავსების შემთხვევაშიც კი რაიმე დივიდენდის მიღებისა?
ჩვენი ფული აორთქლდებოდა!
შეიცვალა რაიმე? კი, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს მოდელი სიცოცხლისუნარიანი იყოს.
კერძო ფონდები იტივტივებენ. მერე ხელისუფლებას დააბრალებენ არასტაბილურ გარემოს და მოსთხოვენ ან კაპიტალიზაციას, ან ნაციონალიზაციას.
ისევ ბიუჯეტის სათრევი გახდება, თუ ექნა ამის ძალა ან სურვილი.
ასე მოხდა სხვაგან. ჩვენზე ხუთჯერ მდიდარ და სტაბილურ ქვეყნებში”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, მთავრობაში დაგროვებით პენსიაზე გადასვლას 2017 წლისათვის ვარაუდობენ, რეფორმის საბოლოო კონცეფცია კი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.