შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრები, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ტოკიოში გამართული ტურნირიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ 4-6 დეკემბერს, ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გრან-სლემის პრიზიორ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახვდნენ.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს დროშა ასწია და ჰიმნი შეასრულა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა 33 წლის შემდეგ ტოკიოს გრან-სლემის საუკეთესო შედეგი გაიმეორა - 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრაში იაპონელ მეტოქეს - კეიტა ნაგაშიმას ვაზარით სძლია, ხოლო ჰოლანდიელი მეტოქე ფრენკ დე უაიტი - იუკო იპონით დაამარცხა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე სძლია ბერძენ რომან მასტოპულოსს, ფინალურ შეხვედრაში კი - კორეელი სპორტსმენი დაამარცხა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი შსს-ს ძიუდოს კლუბის კიდევ ერთმა წევრმა, ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი - „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა დაარსების პირველივე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.