პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე პატიმართა შეწყალების პროცესში.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერი პატიმრები ჰყავს.
,,თუმცა გამოიწვია ვნებათაღელვა თქვენს მიერ ორგანიზებულმა სპექტაკლმა პატიმრების მონაწილეობით. საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს. ემოციური დღე იყო. პატრიარქიც ესწრებოდა. როგორც იცით, ლამის დაგვწამეს ცილი სახელმწიფოს დანგრევაში. იმ დღეს რაც მოხდა ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა ადამიანებმა, რომლებსაც არც სახელმწიფო აქვთ, არც იციან რა არის სახელმწიფო ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია და საცოდავები არიან ეს ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებდნენ, რომ თავდასხმა გააკეთონ. იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა. ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, როცა მოისმინა პატრიარქის ემოციური მიმართვა, მიმართა კანონმდებლებს და პრეზიდენტს, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის ჩართვა პროცესში.
,,აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლო? ან ანტისახელმწიფოებრივი? კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. ძალიან სამწუხაროა. მაინტერესებს, ასეთი სიძულვილი და ამდენი აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს. აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება. პატრიარქს არავის დაცვა არ სჭირდება, მით უმეტეს, პატრიარქს არ სჭირდება ჩვენგან დაცვა. პირიქით, ჩვენ გვჭირდება მგონი“, - დასძინა პრემიერმა.