სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების შეფასებით, საქართველოში "კარგი საარჩევნო გარემოა".
"წინა არჩევნებთან შედარებით, საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. კარგად მუშაობს ცესკოც", - განუცხადა სემნებიმ ჟურნალისტებს დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე სერიოზული გამოცდილება და გენერალური რეპეტიცია იქნება", - განმარტა სემნებიმ.
30 მაისამდე დარჩენილ ვადაში სემნები აქტიურ შეხვედრებს გამართავს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს უკვე შეხვდა, დანარჩენებთან კი შეხვედრებს 14 მაისს გეგმავს.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში 11 მაისს ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა ვიცე-პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძეს, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესა და სხვა ოფიციალურ პირებს.