საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე და მარიამ წიკლაური, აგრეთვე ქართველი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ჯგუფი სტოკჰოლმიდან დაბრუნდნენ. ქართველი მწერლები სტოკჰოლმში შვედეთის მწერალთა კავშირის მიწვევით იმყოფებოდნენ.
შვედეთის დედაქალაქში მიწვევას წინ უძღოდა საბავშვო ლიტერატურის სემინარი, რომელიც თბილისში გაიმართა და რომელიც შვედეთის ინსტიტუტისა და მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის მიერ იყო ორგანიზებული. სემინარის ორგანიზებაში შვედურ მხარეს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი ეხმარებოდა და ეს ღონისძიება სწორედ ქართული საბავშო წიგნის დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც ფონდმა 4 წლის წინ დააწესა.
სემინარის მეორე ნაწილს წარმოადგენდა ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების ერთობლივი ვორკ-შოპი, რომელიც საქართველოში, ბათუმში ჩატარდა და მაისში შვედეთში გაგრძელდა. ვორკ-შოპის ფარგლებში მწერლებმა და ილუსტრატორებმა ერთობლივი საბავშვო წიგნები შექმნეს.
ფონდის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები შვედ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შვედეთის საბავშვო წიგნის ინსტიტუტში, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის საოგრანიზაციო კომიტეტში (ALMA), საბავშვო საგანმანათლებლო ტელერადიოკომპანიაში (UR), შეხვედრა მოეწყო ასევე "მწერალთა ცენტრის~ აღმოსავლეთ ფილიალის ოფისშიც, სადაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჰელენა ემბერგმა უმასპინძლა ქართველ მწერლებს.
ფონდი წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ პერნილა გესენს, საბავშვო მწერალსა და პრიზ "შლანგბელლას~ თავმჯდომარეს. "შლანგბელლა~ შვედეთის მწერალთა კავშირის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექციის მიერ დაწესებული პრიზია დებიუტანტებისთვის.
როგორც ფონდის ხელმძღვანელმა ირმა მალაციძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ყველაზე შთამბეჭდავი "იუნიბაკენში" სტუმრობა იყო, სადაც ქართველი მწერლები მარკეტინგის მენეჯერ მარია რეუტერშკოლტსა და სცენოგრაფ ტურ სვაესტს შეხვდნენ.
"იუნიბაკენი~ ყველა ბავშვის ოცნებაა და გული მწყდება, რომ ქართველ ბავშვებს მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს არის ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების მიხედვით შექმნილი მინიატურული ზღაპრული სამყარო, სადაც ზღაპრის თანამონაწილე ხდები და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობ იმ მოკლე დროის განმავლობაში. ბავშვებისთვის საგანგებოდ შექმნილი ზღაპრული სამყარო აღჭურვილია თეატრითა და წიგნის მაღაზიით, კაფეთი, სადაც პეპის მაჭკატებსა და კარლსონის გუფთასაც შემოგთავაზებენ. შვედეთი ყველა საბავშვო მწერლისთვის საოცნებო ქვეყანაა", _ განაცხადა მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ფონდის წარმომადგენლის, მწერალ მარიამ წიკლაურის განცხადებით, შვედეთში წიგნზე და ბავშვებზე ძალიან ბევრი ადამიანი და დაწესებულება ზრუნავს. სახელმწიფო უწყებები და სამინისტროები თუ კერძო გამომცემლები და ორგანიზაციები ერთნაირად ვალდებულად მიიჩნევენ თავს მოზარდების წინაშე.
"საქართველოში ბევრი რამ გვაქვს ამ მხრივ მოსაგვარებელი. შვედური ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილება, აუცილებლად გამოიღებს რაიმე შედეგს.A ჩვენი ფონდი მეხუთე წელია საკუთარი ძალებით ცდილობს ქართველი ავტორების გარშემო დაგროვილ პრობლემებზე ყურადღების მიქცევას. 22 აპრილს ჩატარებულმა აქციამ "გამოუცემელი წიგნების გამოფენამ" შვედი მწერლებშიც დაინტერესება გამოიწვია და შეიძლება იქაც ჩაატარონ მსგავსი გამოფენა. Oორივე ქვეყნის მწერლებს ბევრი რამ აღმოგვაჩნდა ერთმანეთისთვის გასაზიარებელი~, _ განაცხადა წიკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ქართველმა საბავშვო მწერლებმა დაათვალიერეს სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში გახსნილი "ოთახი ბავშვებისთვის~, სადაც მშობლებს ახლად ფეხადგმული ბავშვებიც კი დაჰყავთ.
"აქ თითოეული თარო, თითოეული წიგნი ისეა განლაგებული, რომ ბავშვი მას ეპყრობა, როგორც სათამაშოს, ურთიერთობს წიგნთან და იმთავითვე იყვარებს წიგნს", _ აცხადებენ ისინი.
ქართველმა მწერლებმა საბავშვო მწერალთა საგაზაფხულო წვეულებაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წვეულებაზე ქართული მხარე შვედ მწერლებს მათმა მსაპინძლებმა, მარი ოსკარსონმა და ჰელენა ბერგენდალმა წარუდგინეს.