თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ყიდულობს. "ბიბისის" ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, კლიმატურ ცვლილებების კონფერენციაზე ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებასტან დაკავშირებით განუცხადა.
"თუ ეს დამტკიცდა, მაშინ ჩვენი ეროვნული სიამაყე მოითხოვს, გადავდგე", - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი ტერორისტებთან კონტრაბანდული ნავთობით ვაჭრობაში ღიად დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულები "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის მიწოდების შესახებ.
"ჩვენ ახლა დამატებითი მონაცემები მივიღეთ, რომელიც ადასტურებს, რომ სამწუხაროდ "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის უზარმაზარი მოცულობა თურქეთს მიეწოდება", - განაცხადა პუტინმა პარიზში სტუმრობისას.